ბავშვი, რომელიც ვაკის პარკში დენის დარტყმით დაშავდა, კონტაქტურია და უკვე შეკითხვებსაც პასუხობს
კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" მოთავსებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ვაკის პარკში დენის დარტყმით დაშავებული ბიჭის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმი, მარინა ფირცხალავა ესაუბრა.
"ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა, სუნთქვას დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მაგრამ მონიტორინგი სჭირდება, თუმცა აქტიურია, კონტაქტურია, შეკითხვებს პასუხობს. რისკები საჭიროებს დაკვირვებას. პროგნოზია, რომ მისი მდგომარეობა იქნება კარგი და მალე გაეწერება", - ამბობს ექიმი.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან.
თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.