პუტინმა მაკრონის კრიტიკა კავკასიაში რუსეთის როლის გამო უარყო როგორც „მიუღებელი“
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 14 ოქტომბერს უარყო თავისი ფრანგი კოლეგის, ემანუელ მაკრონის კომენტარი, რომ მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის დესტაბილიზაციას მიმართავს.
ბაქოსა და ერევანს ხანგრძლივი კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის კუთვნილი, უპირატესად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო. მთიანი ყარაბაღი 1990-იან წლებში სომხურმა ძალებმა დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
მაკრონმა ტელეარხ France 2-თან ინტერვიუში მოსკოვი არასტაბილური რეგიონის დესტაბილიზების მცდელობის ჩარჩოებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამასწინანდელი შეტაკებების განზრახ პროვოცირებაში დაადანაშაულა.
„ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მოწმობს კონფლიქტის მიმდინარეობის არცოდნას,“ თქვა პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეხვედრაზე ასტანაში, ყაზახეთში და დასძინა, რომ მაკრონის ნათქვამი „გაისმა უადგილოდ, მე ვიტყოდი, დამახინჯებით, ამიტომ, ის მიუღებელია“.
13 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მაკრონის განცხადება იყო „აღმაშფოთებელი, სრულად მიუღებელი“.
გასულ კვირაში მაკრონმა პრაღაში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შეხვდა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრეზიდენტს, ნიკოლ ფაშინიანს.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა ექვსკვირიანი ომი გამართეს 2020 წელს. რუსეთის შუამავლობით ომი დასრულდა, რის შედეგადაც სომხეთმა დაკარგა კონტროლი აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონის ნაწილზე და მიმდებარე რაიონებზე. საბოლოო შეთანხმება მხარეებს შორის დადებული არ არის.