თაობის ყველაზე წარმატებული ტოპ მოდელი იუბილარია – ბელა ჰადიდი 26 წლის გახდა
ამერიკელი ტოპ მოდელი ბელა ჰადიდი იუბილარია. იგი კალიფორნიაში დაიბადა. ბელა ყოფილი მოდელის იოლანდა ჰადიდის მეორე შვილია. მამა კი უძრავი ქონების დეველოპერი მუჰამედ ჰადიდია.
მოდელი პალესტინური ფესვებით ძალიან ამაყობს. განსაკუთრებით აქტიურობდა 2021 წლის მაისში ისრაელისა და პალესტინის კრიზისის დროს, როდესაც სოციალურ ქსელში ღიად გამოხატავდა მხარდაჭრას პალესტინელი ხალხის მიმართ და ჩართული იყო სხვადასხვა აქტივობებში.
ბელამ სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო. მის მიმართ საზოგადოების აზრი ყოველთვის ორად იყოფოდა. ნაწილი თვლიდა, რომ მან, ისევე, როგორც მისმა დამ, ჯიჯიმ, წარმატებას ოჯახური გავლენების გამო მიაღწია. კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოდელმა ქირურგიულ ჩარევებს მიმართა და გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა.
ამ ყველაფრის გამო ბელას მენტალური პრობლემები შეექმნა, რაზეც რამდენიმე თვის წინ საკუთარ ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა, რომ სოციალური მედია ნამდვილი არ არის და არარეალური სტანდარტების გამო ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ. მან საკუთარი თავის სიყვარულისა და მიღებისაკენ მოგვიწოდა.
ბელა წლების განმავლობაში შრომობდა და მუშაობდა საკუთარ თავზე, რათა მაქსიმალური შედეგისთვის მიეღწია და საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ იმსახურებს იმ წარმატებას, რომელიც მოიპოვა.
იგი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი და უამრავი ცნობილი ბრენდის, მათ შორის, ვერსაჩეს, ბალენსიაგას და დიორის სახეა.
წყარო: Page Six
ფოტო: Teen Vogue