ბობოყვათელები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან
"პოლიციას ხალხს გვიპირისპირებენ" - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ წინაპრების კუთვნილი მიწის დაბრუნების მოთხოვნით. ისინი ამ წუთას ბობოყვათის სანაპიროზე არიან შეკრებილები.
ბობოყვათის ზღვის სანაპიროზე 20 ჰექტარი მიწის დაბრუნებას 100 მეტი ოჯახი ითხოვს.
ისინი აცხადებენ, რომ ეს მიწა მათი წინაპრების საკუთრებაა, რომელიც ბოლშევიკურმა მთავრობამ ჩამოართვა, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ კი არ დაუბრუნა.
საპროტესტო აქცია ბობოყვათელებმა პირველ ოქტომბერსაც გამართეს.
ბობოყვათელების პროტესტის განახლება იმან გამოიწვია, რომ როგორც მათთვის ცნობილი გახდა, აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ მიწის ნაკვეთი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რამდენიმე დღის წინ კი ეს ტერიტორია გაიყიდა.
ბობოყვათელები ინვესტორთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.