ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმისას დაჭრილთა შორის ექვსი ბავშვია, დაიღუპა 12 ადამიანი
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის ღამეს ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 და დაშავდა 49 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 17 გარდაცვლილის შესახებ.
„წუხელ, მტერმა გამოიყენა ტაქტიკური ავიაცია, რათა განეხორციელებინა სარაკეტო იერიში ოლქის ცენტრზე. წინასწარი ინფორმაციით, ზაპოროჟიეს მიმართულებით გაისროლეს 12 რაკეტა. რაკეტების უმეტესობა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონში. ნახევრადაა დანგრეული 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. სრულადაა დანგრეული ხუთი კერძო სახლი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები“.
მიმდინარე კვირაში ქალაქი ზაპოროჟიე რამდენჯერმე გახდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე ობიექტი. 6 ოქტომბერს, ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ფორმალური ანექსია მოახდინა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ოლქის მხოლოდ 70%-ს აკონტროლებენ. რუსეთის ძალებმა შეძლეს ენერგოდარის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის ოკუპირება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე უკრაინის კონტროლქვეშაა.