თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ მიმართა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. როგორც ის „ფეისბუკში" წერს, გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო.
„ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.
მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.
დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად", - ნათქვამია განცხადებაში.
შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეორე ვადით ხელმძღვანელობს. მან რექტორის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა.
რამდენიმე წლის წინ, “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.
გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, თსუ-ს პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა, შეესწავლათ, მართლაც იყო თუ არა რექტორის ნაშრომი პლაგიატი. ილიაუნმა პლაგიატი დაადასტურა. რექტორმა და უნივერსიტეტმა კი - უარყვეს.
იაგო კაჭკაჭიშვილი ხმამაღლა გამოხატავდა პროტესტს და სვამდა კითხვებს, რის გამოც, მისი მტკიცებით, წინააღმდეგობებს შეეჩეხა - მათ შორის, დაუდგინეს „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა”. კაჭკაჭიშვილი - რომელიც წლებია თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს - გიორგი შარვაშიძეს შურისძიებაში ადანაშაულებს, რადგან ის პლაგიატის გამო გააკრიტიკა.
აკადემიური საბჭოს წევრმა ალექსანდრე კუხიანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პლაგიატის გარშემო შარვაშიძესთან გასაუბრებაზე კითხვები არ დასმულა.
რექტორს ირჩევს 37 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო. ხმის მიცემა ფარულია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.