"ავლაბრის" მეტროსთან სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება - ესკიზი მერიასთან შეთანხმებულია
თბილისის ერთ-ერთ ტურისტულ უბანში, მეტროს სადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. მერიის არქიტექტურის სამსახურთან 5-სართულიანი შენობის ესკიზი უკვე შეთანხმებულია, მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.
თბილისის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 5-საართულიანი შენობის საწყისი სართული (-2) სრულად ავტოსადგომებს დაეთმობა, იმავე დანიშნულების იქნება -1 სართულის ნაწილიც. შენობის დანარჩენი სივრცე მთლიანად დაეთმობა სავაჭრო, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს.
ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედანზე სავაჭრო ცენტრის აშენებას მიწის მფლობელი 2013 წლიდან ცდილობს - ცვლიდა ესკიზებს და შენობის დიზაინს. რამდენჯერმე ესკიზებზეც მიიღო ნებართვა, თუმცა მისი კუთვნილი სივრცე ამ ეტაპამდე აუთვისებელია - არქიტექტურის სამსახური ყოველ ჯერზე თავს იკავებდა ამ ადგილას სამშენებლო ნებართვის გაცემისგან.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც წლების წინ თბილისის მერობის კანდიდატი იყო, მშენებლობას ეწინააღმდეგება.
"რომელი კორპუსის მშენებლობა არ გამიპროტესტებია - პარკში, სტადიონზე, საბავშვო ბაღის ადგილზე, მაგრამ ასეთი, რაც აქ არის "ავლაბარში", ასეთი გამაოგნებელი რამ ჯერ არ მინახავს, არ მსმენია და არ გამიპროტესტებია - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, იქ სადაც არასდროს ნაგებობა არ ყოფილა, იქ სამშენებლო ნებართვის გაცემა წარმოუდგენელია", - თქვა ალეკო ელისაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაწერა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახლა მიწა შპს "ეი-პი-ეს"-ს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორმა, დავით საგანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ მშენებლობას დაიწყებენ. სამშენებლო ნებართვის მისაღებად კომპანიამ პროცედურები 2021 წლის აპრილში დაიწყო.