ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელი სამხედროები უახლოვდებიან ანექსირებული ლუგანსკის საზღვარს
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინა განაგრძობს პროგრესის მიღწევას როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთის, ისე სამხრეთის ფრონტებზე. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის მიერ უკვე კონსოლიდირებულია ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთით.
უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა 20 კილომეტრით წინ წაიწიეს რუსეთის თავდაცვის ხაზისკენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს მიმართულებით. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, უკრაინელ სამხედროებს ეძლევათ იმის საშუალება, რომ არტილერიით შეუტიონ სვატოვო-კრემინას სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზას, რაც რუსეთს კიდევ უფრო შეუზღუდავს აღმოსავლეთში მყოფი ძალების მომარაგების შესაძლებლობას.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ლიდერები შეშფოთებული უნდა იყვნენ იმით, რომ უკრაინის ქვედანაყოფები უახლოვდებიან ანექსირებულად გამოცხადებული ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს.