IAEA: გატაცების შემდეგ ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ხელმძღვანელი აღარ დაუბრუნდება თავის პოსტს
გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის დირექტორი, რომელიც რუსეთის ძალებს ჰყავდათ გატაცებული, ახლახან გათავისუფლების შემდეგ თავის პოსტზე აღარ დაბრუნდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ იჰორ მურაშოვი ოჯახთან ერთად იმყოფება უკრაინის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და "არ დაუბრუნდება თავისი მოვალეობების შესრულებას". ჯერჯერობით გაურკვეველია მას ვინ შეცვლის, დასძენს გროსი და აღნიშნავს, რომ მურაშოვის ადგილზე არყოფნას ჰქონდა "დაუყოვნებელი და სერიოზული ეფექტი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე სადგურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".
3 ოქტომბერს გროსი მიესალმა მურაშოვის გათავისუფლებას. მანამდე ზაპოროჟიეს სადგურის მმართველი სახელმწიფო კომპანია "ენერჰოატომი" იუწყებოდა, რომ მურაშოვი 1 ოქტომბერს მანქანიდან გადაიყვანეს, თვალები აუხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
"ენერჰოატომი" აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს სადგურის მუშაობის განახლებას უსაფრთხოების ზომად მიიჩნევს. სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" მიერ 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში "ენერჰოატომის" პრეზიდენტი პეტრო კოტინი აცხადებს, რომ კომპანიამ ორი რეაქტორის მუშაობა უნდა განაახლოს უსაფრთხოების დაცვისთვის, იმ ფონზე, როცა ტემპერატურა ეცემა.