უკრაინის გენშტაბი: რუსები ხერსონის ოლქში ტოვებენ დანაღმულ სახლებს და ინფრასტრუქტურას
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს 9 სარაკეტო და 6 საავიაციო დარტყმა და 56-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზარალდა 27-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დონეცკის და ხარკოვის ოლქებში.
უკრაინული სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის არმიის ავიაციამ განახორციელა 17 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის 4 საყრდენი პუნქტის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 11 ადგილის და 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განადგურება. სარდლობის ცნობითვე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 1 ვერტმფრენი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 2 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი და 1 სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, 3 ოქტომბერს, საღამოს, თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქში იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის მიერ მდინარე დნეპრზე მოწყობილ გადასასვლელებზე. რუსი სამხედროების დანაკარგები ჯერ დაზუსტებული არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტების დატოვებისას ნაღმავს სახლებს და ინფრასტრუქტურის ობიექტებს.