ღარიბაშვილი: ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული. თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით, 27 მლრდ ლარი იყო. ახლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 80 მლრდ არის და ბოლო 2 წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს, 30 მლრდ-ით გავზარდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამას გარდა, ჯამში, თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
პრემიერის განცხადებით, ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე შემცირებულია.
„ეს არის პასუხი და ფაქტი. ამას გარდა, თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ჯამში. ბიზნესმა, საზოგადოებრივი სამუშაოებიც ცალკე ემატება და ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული და ჩვენ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება,”- განაცხადა პრემიერმა.