„მე ერთმნიშვნელოვნად ვერც კი შევაფასებ ამას" - ნოდარ ჯავახიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომენტარები გაკეთდა მმართველი გუნდის წევრები მიერ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტის გაგება რთულია.
„მე ერთმნიშვნელოვნად ვერც კი შევაფასებ ამას, ეს ნათქვამი დადებით კონტექსტშია თუ პირიქით. ასე რომ ძალიან რთულია ამ ნათქვამიდან დასკვნა გააკეთო რაიმე. მეგობრობა და პოლიტიკა ძალიან მჭიდროდ ვერ არის ხოლმე ხშირად. მე ვფიქრობ, საქართველოში პრეზიდენტობის შანსი ყველა მოქალაქეს აქვს,“ - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ქართული ოცნების წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით საუბარი არ ყოფილა.
„ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა არ ყოფილა და არანაირი გადაწყვეტილება არ არის. თუმცა, ირაკლი ჩვენი გუნდის წევრად რჩება, მას წინ აქვს ყველაფერი, ის ჩვენი თანამებრძოლია და ნებისმიერი ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება პრემიერმინისტრთან და გუნდთან ერთად,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი? ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას მის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა და მას კარგი სათადარიგო მოთამაშე უწოდა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი