მოსამართლეებზე ზეწოლა - არასამთავრობოები ნიკა გვარამიას განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებას ელოდებიან
რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ნებისმიერი ზეწოლა ან მცდელობა საფრთხეს უქმნის სასამართლოს იმიჯს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შემდეგ, ამჯერად ხელისუფლება ზეწოლას უზენაესი სასამართლოს კოლეგიის წევრებზე ახდენს ზეწოლას.
“ნებისმიერი ზეწოლა ან მცდელობა, რომ სასამართლომ შეიცვალოს აზრი, იქნება ეს ხელისუფლებისგან მომდინარე, მხარისგან მომდინარე, სხვა აქტორებისგან მომდინარე არის მიუღებელი და რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტულ საქმეში სასამართლოს დამოუკიდებლობას, ასევე ზოგადად სასამართლოს იმიჯს. ამიტომ, ამ განცხადებების მიმართ უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილიც.
“ჩვენ ვნახეთ ცალკეული მოსამართლეების მიმართ უნდობლობა და ეჭვები, რომელიც რუსთავი 2-ის მხარემ გამოთქვა და ვნახეთ ისიც, რომ ეს აისახა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ადგილი ჰქონდა დარღვევას,“ - აღნიშნა კინწურაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი ყველა კითხვას გასცეს პასუხი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.