მეუფე პეტრეს აზრით, პატრიარქისთვის ოპერაციამდე მამა გიორგის საქმეზე ცრუ ინფრომაციის მიწოდება ბოროტება იყო
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას აზრით, მამა გიორგი მამალაძის უფლებები რამდენჯერმე დაირღვა. მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ მამა გიორგი ზვიადაძეს, როგორც პროტოპრესვიტერს, მამა გიორგის მამალაძე პირველს უნდა მოენახულებინა.
„მე ვფიქრობ, როგორც პირველ მღვდელს, სანამ უწმინდესი ჩამოვიდოდა, მას უნდა მოენახულებინა, მოესმინა და პატრიარქისთვის, სანამ ადვოკატები მოახსენებდნენ მამაოს საუბარს, ან მე და მეუფე ანდრია, თვითონაც უნდა მიეღო მონაწილეობა ამაში,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.
მისი თქმით, უწმინდესისთვის ცალმხრივი ინფორმაცია საქართველოში არ უნდა დაეხვედრებინათ. მიტროპოლიტის აზრით, პატრიარქისთვის ოპერაციამდე მამა გიორგი მამალაძეზე სიცრუის თქმა ბოროტება იყო.
„ეს არის ბოროტება, როდესაც პატრიარქს ოპერაციის დაწყებამდე მომზადების პერიოდში ეუბნებიან, რომ მღვდელი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს და მითუმეტეს, ისეთი დაახლოებული პირი პატრიარქთან, როგორიც მამა გიორგია, მოდიოდა საწამლავით მის მოსაწამლად,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ მამა გიორგი მამალაძე ციხიდან გამოსულიყო. მისი თქმით, მამა გიორგის ახლა ძალიან დიდი ჯვრის ტარება უწევს.