გორში ლოკალიზებულია ტანსაცმლისა და შერეული საქონლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმესაათიანი, უწყვეტი მუშაობის შედეგად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. 30 დეკემბერს გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.
როგორც საგანგებო სამსახური იტყობინება, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, რომლიც ხანძრის ქრობის პროცესს ხელმძღვანელობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით (ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით).