ირაკლი კობახიძე: პარალელური დათვლის კორექტირებულმა შედეგებმა არჩევნების გაყალბებაზე ეჭვი საბოლოოდ გააქარწყლა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე 12 დეკემბერს ჩატარებულ ბრიფინგზე გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას და განაცხადა, რომ ცესკოს შედეგებისა და პარალელური დათვლის (PVT-ის) მონაცემების თანხვედრა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარალელური დათვლის არსებითი გადახრა ცესკოს შედეგებიდან, ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ იმთავითვე აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, ISFED-მა დაუშვა უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს.
11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“, განაცხადა, რომ გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. რომლის გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა. ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ ის 47.6% გახდა. სხვაობა 1.8%-ს შეადგენს.
ირაკლი კობახიძემ ასევე უარყო ინფორმაცია ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ოპოზიციას ამისი მტკიცებულება არ გააჩნია. „სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, პარალელურ დათვლაში არსებული ხარვეზი ოპოზიციამ გამოიყენა საბაბად საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსა და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისათვის და ეს „სათანადო რეაგირებას“ საჭიროებს. „აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აწარმოებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.