ჩეხეთის პოლიცია ეძებს პრაღის ცენტრში სასტიკ თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს
ჩეხეთის პოლიცია დაეძებს საქართველოს 27 წლის მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილია ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების მიყენებაში. პოლიციას აქვს დასტური, რომ ბაჩუკი ჯალაღონია სასტიკი ფორმით თავს დაესხა 29 წლის კაცს პრაღის ცენტრში, ვლადისლავოვას ქუჩაზე, წელს, ოქტომბრის თვეში.
დაუდგენელი მიზეზით შელაპარაკების შემდეგ ეჭვმიტანილი „ სასტიკი ფორმით თავს დაესხა“, როგორც პოლიციის წარმომადგენელი, ევა კროპაჩოვა აცხადებს, „დაზარალებულს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს“.
გამოცემა novinky.cz-ს მოჰყავს კროპაჩოვას სიტყვები: „გამომძიებლების ხანგრძლივი და ინტენსიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ შესაძლო თავდამსხმელი არის 27 წლის ძებნილი ბაჩუკი ჯალაღონია საქართველოდან. ის ადრე ნასამართლევი იყო ამგვარი თავდასხმისთვის“.
სამართალდამცველები მოუწოდებენ ყველას, ვინც იცის ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი, აცნობოს პოლიციას, რომელიც ამასთან, აფრთხილებს მოქალაქეებს, ნუ შეეცდებიან ძებნილის დამოუკიდებლად დაკავებას, რადგან ის შეიძლება შეიარაღებული იყოს და საშიში.