რომის პაპი გამოდის მოწოდებით გლობალური სოლიდარობისკენ, კორონავირუსთან ბრძოლაში
მსოფლიოს გარშემო ქრისტიანთა უმეტესობა აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს იმ ფონზე, როცა მილიარდობით ადამიანი კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის გამო სახლებში რჩება. გაუქმდა ტრადიციული ღონისძიებები, ტაძრები, რომლებიც სავსეა ხოლმე, წელს ცარიელია.
რომის პაპი, ფრანცისკე, 12 აპრილს გამოვიდა მოწოდებით გლობალური სოლიდარობისკენ, კორონავირუსის პანდემიასა და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში და ითხოვა საერთაშორისო სანქციების შემსუბუქება, ღარიბი ქვეყნებისთვის სესხების მოხსნა და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ყველა კონფლიქტში. პაპმა თავისი ტრადიციული სააღდგომო მიმართვა Urbi et Orbi, ქალაქსა და მსოფლიოს, წარმოთქვა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე, რომელიც, როგორც წესი, ათიათასობით მორწმუნით არის ხოლმე სავსე.
ხელისუფლებები მორწმუნეებს მოუწოდებენ, ვიდეოსტრიმინგს მიმართონ აღდგომის აღსანიშნავად და აფრთხილებენ, რომ საშიში ვირუსი სავარაუდოდ გავრცელდება მათ მიერ, ვინც დაარღვევს კარანტინის წესებს და ხალხმრავალ რელიგიურ შეკრებებში მიიღებს მონაწილეობას.
მიმდინარე შაბათ-კვირას აშშ-მა ყველა ქვეყანას გაუსწრო კორონავირუსის მსხვერპლთა და ინფიცირებულთა რაოდენობით. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 12 აპრილის დილას გავრცელებული მონაცემებით, აშშ-ში დაღუპულია 20,600-ზე მეტი ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა გადასცდა 529,000-ს.
გლობალურად, 12 აპრილის დილას კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 108,800-ზე მეტი იყო, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1.77 მილიონს გადააჭარბა.