თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს საკმარისი დამცავი საშუალებები არ აქვს
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერი პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს საკმარისი დამცავი საშუალებები არ აქვს, ამდენად, ნატოსა და ევროკავშირის დახმარება მნიშვნელოვანია.
„ცხადია, საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ყველაფერი, არ აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, საკმარისი რაოდენობით ტესტ-სისტემები და, რა თქმა უნდა, ნატოსგან თუ ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენმა სახელმწიფომ, იმედი მაქვს, რომ როგორც სხვა რამეს მოაბა თავი კარგად, ამასაც მოაბავს თავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი სიტყვებით, ინფექციურ საავადმყოფოს არ მიუცია ხელისუფლებისთვის რეკომენდაცია ჰუმანიტარული დახმარების მიღების საკითხში. ამ პროცესში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობდნენ.
3 აპრილს საქართველომ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საჭირო აღჭურვილობით დახმარების თხოვნით მიმართა ნატოს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“. საქართველო ცენტრისგან ითხოვს სხვადასხვა მატერიალურ აღჭურვილობასა და ჰიგიენის საშუალებებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 195 ადამიანიდან 45 განიკურნა.
განკურნებული ადამიანების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა გარდაცვლილთა სტატისტიკაც. დღეს, 7 აპრილს კიდევ ერთი ინფიცირებული, 86 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში რჩება 4 708 ადამიანი, სტაციონარში კი - 370.