გამყრელიძის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ჯამში 15-მდე ინფიცირებული გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში ჯამში 12-დან 15-მდე ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ორი მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ ტემპერატურა 80-მდე ადამიანს დაუფიქსირდა, მათგან 30 კი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ე.წ. მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ მკურნალობას. მათგან ერთი გარდაიცვალა.
მარნეული და ბოლნისი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაიკეტა. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომლის ინფიცირების წყაროც ვერ დგინდებოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 196 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.