გამყრელიძის ინფორმაციით, სოფლისა და ოჯახის ექიმებს მაღალი დონის კომპიუტერები ურიგდებათ
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რამდენი ოჯახის ექიმი გადამზადდა, მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ონლაინგადამზადება დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ გადამზადება მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს.
„ქვეყნაში არის 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2000-მდე ოჯახის ექიმი, ე.წ. ზოგადი პრაქტიკის ექიმი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ამზადებს მათ. უბრალოდ გამოყენებულია ჩვენი რესურსი. ჩვენ ძალიან ძლიერი ონლაინრესურსები გვაქვს, მხედველობაში მაქვს სხვადასხვა ინტერნეტჩართვის საშუალებები. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გლობალური ფონდის მხარდაჭერით შეიძინა ათასამდე მაღალი დონის კომპიუტერი, მასში სპეციალური გადამზადების პროგრამები ჩაიწერა და ძირითადად სოფლისა და ოჯახის ექიმებს ურიგდებათ. 300-400 გატანილია და მიმდინარეობს მათი მონტაჟი. ოჯახის ექიმთა, ზოგადი პრაქტიკის ექიმთა ასოციაცია, რომელთაც ეს ტრენინგები მიჰყავთ, ძალიან ინტენსიურად აწარმოებენ პირველ რიგში 24 პოლიკლინიკის... როგორც ვიცი, პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადება ხდება და შემდგომ ისინი ამზადებენ სხვას. შეიძლება, ზუსტი რიცხვი ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ეს გადამზადებები მიმდინარეობს საკმაოდ მაღალი ინტენსივობით“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.