კომენდანტის საათის დარღვევისთვის სერბეთში კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი დასაჯეს
სერბ ფეხბურთელს, ალექსანდარ პრიიოვიჩს ბელგრადის სასამართლომ სამი თვით შინ ყოფნა შინაპატიმრობა მიუსაჯა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო.
პრიიოვიჩი, საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ ალ ითიჰადის თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩის შემდეგ მეორე სერბი ფეხბურთელია, რომელიც არღვევს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ კომენდანტის საათს. მადრიდის რეალის მოთამაშე იოვიჩი კარანტინის დარღვევის გამო დააკავეს. იოვიჩს ბრალად დასდეს ასევე 28-დღიანი თვითიზოლაციის წესების დარღვევა, როცა მან საკუთარი ბინა დატოვა ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ.
სერბეთში მთავრობამ დააწესა საგანგებო მდგომარეობა, რომლის თანახმად, 17 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. მის დამრღვევებს ემუქრებათ სასჯელი 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით.
ეროვნული პოლიციის უფროსმა, ვლადიმირ რებიჩმა განაცხადა, რომ პრიიოვიჩი 3 აპრილს დააკავეს სხვა პირებთან ერთად. მედის თანახმად, მასთან ერთად დააკავეს კიდევ 19 პირი, რომლებიც ერთ-ერთი სასტუმროს ბარში ისხდნენ. სასჯელი ემუქრება სასტუმროს ადმინისტრაციასაც.
კიდევ უფრო შეზღუდულია გარეთ გასვლა სერბეთში შაბათ-კვირას, როცა კომენდანტის საათი შაბათს 13 საათიდან იწყება და ორშაბათის დილის 5 საათამდე მოქმედებს.
სერბეთში კორონავირუსის 1624 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რიცხვი 44-ია, იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.