ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი
სულ რაღაც სამ თვეში მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ფიცი დადო, მის ადმინისტრაციას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა - უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ტოვებს.
ორშაბათს, 30 სექტემბერს, ზელენსკიმ დააკმაყოფილა ალექსანდრ დანილიუკის მიერ ჯერ კიდევ 27 სექტემბერს გაგზავნილი მიმართვა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამ გადადგომის მიზეზების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს. მაგრამ მედია დანილიუკის გადადგომის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ასახელებს ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ბოგდანთან კონფლიქტს.
ასევე ცნობილია, რომ ალექსანდრ დანილიუკი, პრეზიდენტ პოროშენკოს პერიოდში უკრაინის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, თავის დროზე ერთ-ერთი ინიციატორი იყო ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნეს პარტნიორის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის კუთვნილი საფინანსო კორპორაცია "პრივატბანკის", ნაციონალიზაციისა.