დავით ზალკალიანი ოპოზიციის მოთხოვნიდან გამომდინარე, დეპუტატების კითხვებს დაგეგმილზე ადრე უპასუხებს
პარლამენტი 15-18 ოქტომბრის კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ზალკალიანის მოსმენა უფრო გვიან იგეგმებოდა, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნიდან გამომდინარე, საგარეო უწყების ხელმძღვანელი დეპუტატების კითხვებს უფრო ადრე უპასუხებს.
„ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ბატონი დავით ზალკალიანი მოსულიყო პარლამენტში და ეპასუხა მათი კითხვებისთვის. ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი, რომ „მინისტრის საათის“ განრიგი იცვლება ისე, რომ ბატონი ზალკალიანი შეთანხმებულთან შედარებით, ბევრად უფრო ადრე წარსდგება საქართველოს პარლამენტში და უპასუხებს დეპუტატების კითხვებს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მთავარი თემა, რის შესახებაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან კითხვები აქვთ, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზალკალიანის პარლამენტში მოსვლის აუცილებლობას ხედავენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.
ოქტომბერშივე იგეგმება იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენაც. 26-29 ნოემბრის კვირაში კი საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანსმოუსმენენ.