ინფორმატორის ანგარიშის მიხედვით, ტრამპი 2020 წლის არჩევნებში უცხო ქვეყნისგან დახმარების მიღებას შეეცადა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გამოაქვეყნა განსაიდუმლოებული ვერსია ინფორმატორის ანგარიშისა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეცადა უცხო ქვეყნისგან დახმარება მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ჩარევით.
ანგარიში ხუთშაბათს გამოქვეყნდა. ამასობაში დემოკრატებმა საიმპიჩმენტო მოკვლევა დაიწყეს რესპუბლიკელი ტრამპის წინააღმდეგ. ისინი მას საპრეზიდენტო ფიცის ღალატში სდებენ ბრალს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ქვემოთ აღწერილი მოქმედებები წარმოადგენს ‘სერიოზულ ან აღმაშფოთებელ პრობლემას, კანონის ან აღმასრულებელი განკარგულების ბოროტად გამოყენებას ან დარღვევას’“, ნათქვამია ინფორმატორის ანგარიშში.
ტრამპი უარყოფს კანონდარღვევას და მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს „სასაცილოს“ უწოდებს.
საჩივარში ლაპარაკია ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას სთხოვა, გამოძიება ჩაატაროს ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და 2020 წლის არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში მუშაობდა ენერგოკომპანიაში.
ბაიდენის ან მისი ვაჟის უკანონო ქმედებების თაობაზე რაიმე ცნობილი არ არის.