ზურაბიშვილი: ვერავინ გადაგვახვევინებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან
„ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ერთხელაც არ გადაუხვევია კურსიდან.
„არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით. გარკვეულწილად ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე. მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზეა საუბარი, საჭიროა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭრდება მოძრაობა და გვჭირდება დიპლომატია. ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით. ცვლილებების განხორციელება არის საჭირო. და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.