ჰასან როჰანიმ აშშ-ს „დაუნდობელ ეკონომიკურ ტერორიზმში“ დასდო ბრალი
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანი არ აწარმოებს თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს, სანამ მის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს, და მან აშშ-ს „დაუნდობელ ეკონომიკურ ტერორიზმში“ დასდო ბრალი. როჰანის თქმით, აშშ-მა დიდი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ ხელი შეუშალოს ირანის მონაწილეობას საერთაშორისო ეკონომიკაში და ამას „საერთაშორისო მეკობრეობა“ უწოდა.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც შარშან აშშ გავიდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებიდან, რომელსაც 2015 წელს მიაღწიეს თეირანმა და მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა.