ოთხმეზური: ბევრი ვარიანტი არსებობს, არ მაინტერესებს, რის შედეგად შეიწყალეს
მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ, ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.
სწორედ, ამ საკითხს უკავშირდებოდა გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.
„გამომძიებელმა მკითხა, როგორ იყო საქმე თავიდან და ვუთხარი, რომ დამნაშავე იყო ბეჟანიძე და ეს საქმეები დევს პროკურატურის მასალებში, მათ შორის პოლიციელების გამოკითხვები“, - თქვა გიორგი ოთხმეზურმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
შეკითხვაზე, შეწყალებასთან დაკავშირებით ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას? ოთხმეზური პასუხობს: „პრეზიდენტს. ვის უნდა დავაკისრო?“
გიორგი ოთხმეზურისთვის ნაკლებად საინტერესოა პრეზიდნეტმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო თუ არა. მისთვის არც შესაძლო კორუფციის შესახებ დასმული შეკითხვა არის მისაღები.
„ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს. არ მაინტერესებს რის შედეგად მოხდა [შეწყალება]. ფული აიღეს, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით თუ მტრობით, არ აქვს ამას მნიშნელობა“, - ამბობს გიორგი ოთხმეზური.
შეკითხვას, შეწყალების შესახებ გამომძიებელს საერთოდ არ ჰქონია საუბარი? ოთხმეზური პასუხობს: „არა, წინა ამბები მკითხა. ახლანდელი გადაწყვეტილება რამდენად კანონიერია, იმას იძიებენ თავიდან“, - აღნიშნავს ოთხმეზური.
გიორგი ოთხმეზური პრეზიდენტის შეთავაზების მიუხედავად, მასთან შეხვედრა არ სურს.
შეკითხვაზე, გჯერათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, ვის იწყალებდა? ოთხმეზური პასუხობს: ბევრი ვარიანტი არსებობს. შეიძლება, არ მიიჩნია საჭიროდ, რომ წაეკითხა, შეიძლება, წაიკითხა და მაინც ასე მოიქცა.
დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს.
პროკურატურამ საქმე გახსნილად მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა. ასლან ბეჟანიძე კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით.
ასლან ბეჟანიძე სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ კი ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო. ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის ასლან ბეჟანიძე.