ოპონენტების განცხადებები შეწყალებასთან დაკავშირებით რეალურად სამმაგი სტანდარტია
ოპონენტების განცხადებები შეწყალებასთან დაკავშირებით რეალურად არის სამმაგი სტანდარტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებებს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.
„როდესაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ, ბევრი ახლანდელი კრიტიკოსი, არანაირი წუხილებით არ გამოსულა. შემდეგ, როდესაც ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და „ქართული ოცნება“ მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა პრეზიდენტზე და დღეს, როდესაც შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, თუ სამმაგი სტანდარტის მქონე ადამიანებს, საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და ადგილს არ მიუჩენს, ქვეყანაში სიმართლის და სიცრუის გარჩევა რთული იქნება.
„ეს არის სამმაგი სტანდარტი და თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და იმ ადამიანებს, ვინც სამ სხვადასხვა შემთხვევაში, სამჯერ სხვადასხვანაირად საუბრობდნენ, არ მიუჩენს თავის ადგილს საზოგადოებაში და პოლიტიკაში, მაშინ ძალიან რთული იქნება სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, რომ სამჯერ, ერთსა და იმავე საკითხზე, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა თანმიმდევრული პოზიცია და ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ არათანმიმდევრული, სამივეჯერ განსხვავებული პოზიცია”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.