ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს პერევთანაც კეტავს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთანაც.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო“ პერევთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დაიკეტება 18 სექტემბერს, საღამოს რვა საათიდან 22 სექტემბრის დილის ექვს საათამდე. ოკუპირებულ რეგიონში "რესპუბლიკის დღეს" 20 სექტემბერს აღნიშნავენ.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან დაკეტა ე.წ. გამშვები პუნქტები ოკუპირებული ახალგორის და ჯავის რაიონებთან და ამის მიზეზად დაასახელა საქართველოს მთავრობის მიერ „საზღვართან“ ვითარების დაძაბვა და „ოპერატიული ვითარების გართულება.“
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ე.წ. საზღვრის ეს მონაკვეთები „მდგომარეობის ნორმალიზების“ შემდეგ გაიხსნება.
საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.