ვანო ზარდიაშვილი: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს"
მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების გამო პრეზიდენტთან შეკითხვები აქვთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“.
„არსებობს კითხვები და, ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო, ეგრეთ წოდებულად გაუჩალიჩა, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. თუ არა, უნდა გაკეთდეს განმარტებები, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს ეგრეთ წოდებულად გაუჩალიჩეს“, - უთხრა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა.
მისი შეფასებით, ზოგადად, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებამ საქართველოში მახინჯი ფორმა მიიღო.
„წინა პრეზიდენტების პირობებში გავიხსენებ მარგველაშვილის მიერ ქორიძის შეწყალებას, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო მსჯავრდებული. ასევე, გავიხსენებ სააკაშვილის მიერ ეკა ბესელიას ძებნილი შვილის შეწყალებას, ესეც უპრეცედენტო შეწყალება იყო და ასევე, ახლა ქალბატონი სალომეს შეწყალებებიც“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი დადებითია ის, რომ ყველა ერთად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მზადყოფნას გამოხატავს, რომ დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და „ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული“.
18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.