ომბუდსმენმა სამოგზაურო დაზღვევის შეზღუდვა ხანდაზმულთა მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია
საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ მხრიდან ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. გადაწყვეტილების საფუძველი კომპანიის მიერ 1943 და 1937 წლებში დაბადებული მოქალაქეებისთვის სამოგზაურო დაზღვევაზე უარი გახდა.
კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის თანახმად, მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძვლად 70 წელი განისაზღვრება, რაც განმცხადებლებთან მიმართებითაც იქნა გამოყენებული ისე, რომ მათი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეფასებულა.
სახალხო დამცველი აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის განსაზღვრა, რომლის მიღმაც პირს სამოგზაურო დაზღვევაზე შაბლონურად ეუბნებიან უარს, გაუმართლებელია, ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება და მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს.
სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიმართა რეკომენდაციით, მომსახურების გაწევაზე დაწესებული შეზღუდვები დეტალურად ასახოს შიდა დოკუმენტებში. ასევე, არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და ამ საფუძვლით მომსახურების გაწევაზე უარი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს.