ფილიპ რიკერი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოზიტიური ნაბიჯია
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, დადებითი ნაბიჯია. ის იმედოვნებს, რომ პროპორციული სისტემა პარიტეტულ რეჟიმში, თავისუფალი კონკურენციის საშუალებას მისცემს პოლიტიკურ ძალებს.
„დავუბრუნდები ჩვენს საერთო ღირებულებებს, რაც მჯერა, რომ ქართველ და ამერიკელ ხალხს აერთიანებს. ამ საერთო ღირებულებებში შედის პლურალიზმი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური გარემო. ვიცი საქართველოს გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. გვჯერა, ეს პოზიტიური ნაბიჯია. ასევე სახელმწიფომ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რომ არჩევნები ჩატარდეს თანაბარ, კონკურენტულ გარემოში, რომ ყველამ თანაბარ პირობებში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესმენებისთვის იყოს თანაბრად კონკურენტული გარემო. ეს შეეხება ინვესტიციებს, ვაჭრობას თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებას, მჯერა, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს თავისი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფილიპ რიკერი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, გაითვალისწინოს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ქვეყანამ მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად მიაღწიოს მეტ წარმატებას, რაც გარკვეული წინაპირობა იქნება, იმისათვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ქვეყანამ მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით მეტი პროგრესი განიცადოს.
ფილიპ რიკერი მონაწილებას იღებს „თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში“Now What?, რომელიც ორგანიზებულია „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს.