ბაჰამის კუნძულებზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა გრიგალ „დორიანის“ გამო
ბაჰამის კუნძულებზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა გრიგალ „დორიანის“ გამო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰუბერტ მინისმა. მან აღნიშნა, რომ ეს წინასაწარი მონაცემებია და მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
მინისის თქმით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კუნძულ აბაკოს. იქ ზოგიერთი დასახლება მთლიანად განადგურებულია. ასევე სერიოზულად დაზარალდა კუნძული დიდი ბაჰამა. იქ მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ აღწევენ სამაშველო სამსახურები.
უკანასკნელი მონაცემებით, დანგრეულია 13 ათასზე მეტი სახლი. დაზარალებულ კუნძულებთან დარღვეულია სატელეფონო კავშირი.
სინოპტიკოსთა თქმით, „დორიანი“ აშშ-ის ფლორიდის შტატის მიმართულებით მოძრაობს და დღე-ნახევრის განმავლობაში შეიძლება აღმოჩნდეს მის ნაპირებთან სახიფათო სიახლოვეს.
მიმდინარე კვირის დამდეგს აშშ-ში გამოცხადდა მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია ზღვისპირა დასახლებული პუნქტებიდან ფლორიდაში, სამხრეთ კაროლინასა და ჯორჯიაში.
მოახლოებული გრიგალის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადადო ვიზიტი პოლონეთში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა. მის მაგივრად გაემგზავრა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.