ომის დაწყების მე-80-ე წლისთავზე, გერმანია პოლონეთს პატიებას თხოვს ნაცისტური ტირანიისთვის
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთს პატიება სთხოვა სისასტიკისთვის და სისხლისთვის, ცერემონიაზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ ველიუნში გაიმართა - იქ, სადაც მეორე მსოფლიო ომის პირველი ბომბები ჩამოვარდა 80 წლის წინ.
"ქედს ვიხრი ველიუნის თავდასხმის მსხვერპლთა წინაშე. ქედს ვიხრი გერმანიის ტირანიის პოლონელ მსხვერპლთა წინაშე. და პატიებას გთხოვთ" - თქვა შტაინმაიერმა 1 სექტემბერს გერმანულ და პოლონურ ენებზე.
შტაინმაიერთან ერთად, ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, რომელმაც პოლონეთზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმას "ბარბაროსული აქტი" უწოდა.
"მეორე მსოფლიო ომის დავიწყება არ ძალგვიძს, მაშინაც კი, როცა მისი მოწმეები აღარ არიან ... საიმისოდ, რომ დარწმუნებული ვიყოთ - ის, რაც მოხდა ველიუნში და შემდეგ პოლონეთის ბევრ სხვა ადგილას აღარასოდეს განმეორდება" - თქვა დუდამ.
ომს, რომელსაც საერთო ანგარიშით 50 მილონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, შეეწირა ექვსი მილიონი პოლონელი, მათ შორის სამი მილიონი პოლონელი ებრაელი.
შტაინმაიერი და სხვა ქვეყნების და სახელმწიფოების ლიდერები პოლონეთში ჩავიდნენ მეორე მსოფლიო ომის დაწყების მე-80-ე წლისთავის აღსანიშნად.
მოგვიანებით დაგეგმილია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, შტაინმაიერის და დუდას გამოსვლები, ვარშავაში დანიშნულ ცენტრალურ ღონისძიებაზე.
პოლონეთში ვიზიტი გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იმის გამო, რომ ფლორიდას ქარიშხალი დორიანი უახლოვდება.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღედ მიიჩნევა 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრა.