თურქეთის პროკურატურამ ცნობილი მწერლების, მათ შორის ელიფ შაფაქის მიმართ გამოძიება დაიწყო
თურქეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მხატვრული ლიტერატურის დარგში მომუშავე მწერლების წინააღმდეგ, მათ შორის არის არაერთი პრემიის ლაურეატი ელიფ შაფაქი, რაც, აქტივისტების თანახმად, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისათვის.
„გარდიანის“თანახმად, პროკურატურის ამ ნაბიჯის ფონია, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბინძური კამპანია, რომელშიც პრობლემატური საკითხებზე, ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და სექსუალურ ძალადობაზე დაწერილი წიგნების ავტორები დადანაშაულებული არიან ასეთი პრაქტიკის გამართლებაში.
მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ტვიტერში გამოქვეყნდა მწერალ აბდულა შევკის რომანის ერთი გვერდი, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა, რომ მწერალს სასამართლოში უჩივის.
თურქეთის საინფორმაციო პორტალ „აჰვალის“ ცნობით, ნაწყვეტში მოთხრობილია ბავშვზე სექსუალური ძალადობა პედოფილის თვალით . „აჰვალის“ თანახმად, თურქეთის ადვოკატთა ასოციაციამ ასევე მიმართა თურქეთის ხელისუფლებას საჩივრით, აიკრძალოს წიგნი და პასუხისგებაში მიეცნენ, როგორც ავტორი, ისე წიგნის გამომცემელი, ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და დანაშაულებრივი ქმედების წაქეზებისათვის.“ საბოლოდ, შევკი და მისი გამომცემელი დააკავეს.
ამის შემდეგ სოციალურ მედიაში დაიწყო ნაწყვეტების გავრცელება სხვა მწერლების, მათ შორის შაფაქისა და აიშე კულინის წიგნებიდან, რასაც ავტორების მიმართ ანალოგიური ბრალდებები მოჰყვა.
„გარდიანის“ ცნობით, ელიფ შაფაქი ამბობს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მან მიიღო ათასობით შეურაცხმყოფელი წერილი, ხოლო პროკურორმა მოითხოვა მწერლის 1999 წელს და 2016 წელს გამოცემული ორი რომანის „თვალთახედვისა“ და „ევას სამი ქალიშვილის“ შესწავლა.
ინგლისური „PEN“-ის დირექტორი, ანტონია ბიატი აცხადებს, რომ ორგანიზაცია „ძალიან შეაშფოთა“ საფრთხემ, რაც შაფაქს ემუქრება. „ის არის უაღრესად ნიჭიერი მწერალი და სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არასოდეს არ უნდა იყოს დანაშაული მხატვრული პროზის წერა და შენიშვნის გამოთქმა “, - აღნიშნა ანტონია ბიატმა.