აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩია
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ 31 მაისს მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩია.
დირექტორის ვაკანსიაზე ახალი კონკურსი 3 ივნისს გამოცხადდება.
აჭარის ტელევიზიის დირექტორობის რვა კანდიდატიდან, 31 მაისს გამართულ კენჭისყრაზე, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა დირექტორის გამოსავლენად საჭირო სამი ხმა.
კენჭისყრის მიხედვით, ორი ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო, ხოლო ნათია ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ირმა ზოიძემ თითო ხმა მიიღეს.
მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძეს ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. მისი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი შეჩერებულიყო. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე, უნდობლობის გამოცხადება საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორის, გიგა ჩხარტიშვილმა, რომელმაც ნათია კაპანაძე დაადანაშაულა ბიუჯეტის ერთპიროვნულ და არამიზნობრივ ხარჯვაში, ხელფასების უსამართლო გადანაწილებაში, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაში, აგრეთვე მაუწყებლის თანამშრომლების დაშინებასა და სამსახურიდან გათავისუფლებაში.