იუსტიციის საბჭოს მდივანი უვადო მოსამართლედ დაინიშნა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 მაისს 11 ხმით დაამტკიცა.
გიორგი მიქაუტაძეს განაცხადები შეტანილი ჰქონდა ორი მიმართულებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
24 მაისს გაირკვა, რომ მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში და დატოვა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ ისევ მიმდინარეობს კენჭისყრა უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევად. 43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი შეტანილი ჰქონდა 78 კანდიდატს.
გიორგი მიქაუტაძის გარდა, კანდიდატებს შორის იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებიც: რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე. თუმცა საკუთარი კანდიდატურები სამივემ მოხსნა.