ზუგდიდში გასროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან გასროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გაერთიანებული ოპოზიციის თანახმად, ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მათ წარმომადგენელს, ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს.
"ზოია ქვარცხავა, ჩვენი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა კომისიის ტერიტორიაზე, როდესაც გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტიდან,მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, საიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ.
ჩვენ გაგვაჩნია ამ ავტომანქანის ნომრის ფოტომასალა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების.
ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის „ქართული ოცნების“ ზონდერი, ჩვენთვის უკვე ცნობილია მანქანის მეპატრონე ირაკლი ჩანგელია,რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედია, პოლიციასაც აქვს ეს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ზოია ქვარცხავა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა და შეუძლია იმ ადამიანის ამოცნობა, ვინც გაისროლა.