საიდუმლო ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გადადგა ავსტრიის ვიცე-კანცლერი
ავსტრიის ვიცე-კანცლერი, ჰაინც-კრისტიან შტრახე პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა საიდუმლო ვიდეოჩანაწერი მის შეხვედრაზე პირთან, რომელიც თავს რუსეთის მდიდარ მოქალაქედ აღწერს. ჩანაწერში შტრახე ამ პირს სამთავრობო კონტრაქტებს სთავაზობს, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.
შტრახემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 18 მაისს გამოაცხადა, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ჩანაწერი გავრცელდა გამოცემების "შპიგელი" და "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" მიერ. ჩანაწერში ჩანს, როგორ სტავაზობს შტრახე ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებს ქალს, რომელიც თავს წარმოაჩენს მდიდარ პოტენციურ დონორად რუსეთიდან.
შეხვედრა შედგა ესპანეთის კუნძულ იბიცაზე, 2017 წლის ივლისში, რამდენიმე თვით ადრე მანამ, სანამ ავსტრიაში გაიმართებოდა საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შტრახეს თავისუფლების პარტია ხელისუფლებაში მოიყვანა და თავად შტრახე ვიცე-კანცლერად აქცია.
ჯერჯერობით უცნობია ვინ გადაიღო ვიდეოჩანაწერი.
სკანდალის გამო ავსტრიაში უკვე გამოთქვამენ ეჭვებს მმართველი კოალიციის მომავალზე. კოალიციაში შედიან შტრახეს ანტი-იმიგრაციული თავისუფლების პარტია და კანცლერ სებასტიან კურცის მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია.