აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) შტაბბინაში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალ მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს.
„გეგმები ძალიან კონკრეტულია, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და პრაქტიკული ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული, რაც მოგვცემს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მან ადმირალ ნილსონსა და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიური დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია შეხვედრას გამართავს პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდთან, შედგება დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში.