რიო დე ჟანეიროში ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს
საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ტურნირი ქართველი მოჭიდავეების სრული ტრიუმფით დასრულდა. რიო დე ჟანეიროში, 10-11 მაისს გამართულ შეჯიბრებაზე, მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ჩემპიონები ოთხივე წონაში საქართველოს ნაკრების წევრები გახდნენ. ჯემალ კილაძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიაში ოთხი სპორტსმენით ჩავიდა და ოთხივემ ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლევან ქელეხსაშვილი ავიდა. 80 კილოგრამში ყველას დავით ხუციშვილმა აჯობა, 90-ში - დათო მარსაგიშვილმა, ხოლო +90-ში - მამუკა კორძაიამ. საქართველოს დელეგაციას ბრაზილიაში ლაშა ლომიძე ხელმძღვანელობდა.
მსოფლიო სერიის მესამე ტურნირი 9-10 აგვისტოს ოდესაში გაიმართება, მეოთხე - 6-7 სექტემბერს, ზაგრებში. 12-13 ოქტომბერს კი სან-დიეგო ქვიშის თამაშებს უმასპინძლებს და პროგრამაში საპლაჟო ჭიდაობაც იქნება.