აშშ-მა ისევ გახსნა მთავარი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მექსიკასთან
აშშ-მა კვლავ გახსნა მექსიკასთან მთავარი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც რამდენიმე საათით დაიკეტა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს იმიგრანტების შესაჩერებლად. ინციდენტი მოხდა, როცა აშშ-ის ტერიტორიაზე მოხვედრის იმედით საზღვართან თავმოყრილი ხალხის ნაწილმა სცადა საზღვარზე გადასვლა. სან ისიდროს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აშშ-ს ქალაქ სან დიეგოსა და მექსიკის ქალაქ ტიხუანას შორის მდებარეობს. მექსიკის განცხადებით, დეპორტაცია მოელით მიგრანტებს, რომლებმაც სცადეს „ძალის გამოყენებით“ და „უკანონოდ“ შეჭრილიყვნენ შეერთებულ შტატებში. აშშ-მექსიკის საზღვარზე ვითარება სულ უფრო იძაბება მას შემდეგ, რაც ათასობით ცენტრალურამერიკელი მიგრანტი მიადგა აშშ-ს. ისინი ტიხუანაში ელოდებიან თავშესაფრის თხოვნით შატენილ განაცხადებებზე პასუხს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჭიროდ მიიჩნევს მიგრანტებთან მიმართებით მკაცრი კურსის გატარებას. 8 ნოემბერს მისმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ახალი შეზღუდვები თავშესაფრის მაძიებლებისათვის. უარს ეტყვიან თავშესაფრის ყველა მთხოვნელს, ვინც უკანონოდ გადავა მექსიკიდან აშშ-ის ტერიტორიაზე. ახალი შეზღუდვები, პირველ რიგში, ეხება ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან - გვატემალიდან, ჰონდურასიდან და ელ სალვადორიდან - წასულ მიგრანტებს, რომლებიც სამშობლოში ძალადობასა და სიღარიბეს გაურბიან.