ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ოპოზიციასაც ადანაშაულებენ
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბი ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს. შტაბის ხელმძღვანელის, ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას განცხადებით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ზურაბ გაბისონიამ, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრია, სოფელ ხაბუმეში ფქვილი დაარიგა. გაბისონიამ, რომელიც ადგილობრივ პოლიციაში წუხელ გამოკითხეს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხაბუმეში 22 ოჯახში ფქვილი მართლაც მიიტანა, მაგრამ არა ამომრჩევლის მოსყიდვის, არამედ რეალიზაციის მიზნით. ზურაბ გაბისონიას განცხადებით, 15 წელია ფქვილით ვაჭრობს და მყიდველებთან პროდუქტი ადგილზე მიაქვს, რის შესახებაც ინფორმაცია პოლიციასაც მიაწოდა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რამაზ გულუას ინფორმაციით, თავადაც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში და ესაუბრა უფროსის მოვალეობის შემსრულებელს პაატა არახამიას, რომელმაც განუმარტა, რომ ზურაბ გაბისონია ანონიმური ინფორმაციის საფუძველზე გამოიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მიმდინარეობს ფაქტის შემოწმება და დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაცია პროკურატურას გაეგზავნება. ამომრჩევლის მოსყიდვაში უმეტესწილად ოპოზიცია ადანაშაულებს მმართველ პარტიას.