ავღანეთში 20 პოლიციელი დაიღუპა თალიბანის თავდასხმის შედეგად
ავღანეთში, სულ ცოტა, 20 პოლიციელი დაიღუპა მათ ავტოკოლონაზე თავდასხმის შედეგად. თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო, დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში მოეწყო. ცნობების თანახმად, დაღუპულებს შორის არის ლაშ-ე ჯუეინის რაიონის პოლიციის ახალი უფროსი. პროვინციის საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობა სულ 22 დაღუპულის შესახებ. თავდასხმა მოეწყო, როცა ავტოკოლონა მიეშურებოდა ლაშ-ე ჯუეინის რაიონში, პოლიციის ახალი უფროსის წარსადგენად. თალიბანი აცხადებს, რომ გაანადგურა ოთხი ავტომანქანა და ხელთ იგდო დიდი რაოდენობით იარაღი. ფარაჰი არის მეჩხრად დასახლებული პროვინცია, რომელიც ირანს ესაზღვრება. მის დიდ ნაწილს თალიბანი აკონტროლებს. მარტო მიმდინარე თვეში, ამ პროვინციაში 100-ზე მეტი ავღანელი პოლიციელი და ჯარისკაცი შეიწირა თალიბების თავდასხმებმა.