"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ადანაშაულებს სამარცხვინო კამპანიის გაგრძელებაში
პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დღეს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს „ევროპულ საქართველოს“ დააბრალოს სოფელ ვეჯინში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სახლში „მოლოტოვის კოქტეილის“ შეგდება. ოპოზიციური პარტიის შეფასებით, „ეს მორიგი გაგრძელებაა იმ სამარცხვინო კამპანიის, რასაც ხელისუფლება მთლიანად ოპოზიციის და ევროპული საქართველოს წინააღმდეგ ეწევა.“
„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, „ხელისუფლება მომხდარ დანაშაულებებში მოძალადეებისთვის ხელის დაფარების და პოლიტიკურად მათი მხარდაჭერის გადაფარვას მორიგი პროპაგანდით ცდილობს. ამის ნაწილია ოპოზიციის წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალის ისევ ოპოზიციისთვის დაბრალება.“ პარტია აღნიშნავს, რომ ამაზე საზოგადოების პასუხი უნდა იყოს არჩევნებზე მისვლა და ჯერ საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების მშვიდობიანად დამარცხება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოს ალმოდებული ბოთლები გასულ კვირაში ესროლეს. თავად ბეციაშვილს ეჭვი აქვს, რომ ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს. მმართველ პარტიაში ამას უარყოფენ.