ხორვატიამ მეორედ მოიგო „დევისის თასი“
ხორვატიის საჩოგბურთო ნაკრებმა „დევისის თასის“ ფინალში საფრანგეთი სტუმრად დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩემპიონის გამოსავლენად ხუთის ნაცვლად ოთხი მატჩი აღმოჩნდა საკმარისი.
ერთეულთა პირველი დაპირისპირებების შემდეგ ხორვატია 2:0 დაწინაურდა. ბორნა ჩორიჩმა ჟერემი შარდის მოუგო, ხოლო მარინ ჩილიჩმა ჟო-ვილფრიდ ცონგას. წყვილებში ფრანგების - პიერ-იუგ ერბერისა და ნიკოლა მაიუს დუეტმა ივან დოდიგსა და მატე პავიჩს აჯობა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
ფინალის მასპინძლებს თასის ზედიზედ მეორედ მოსაპოვებლად ორივე დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდებოდათ, მაგრამ პირველსავე ცდაზე მოეცარათ ხელი - ლუკას პუიემ მარინ ჩილიჩს ერთი სეტიც ვერ აართვა და სტუმრებმა 3:1 გაიმარჯვეს.
ხორვატიის საჩოგბურთო ნაკრებმა „დევისის თასი“ მეორედ მოიგო. პირველად ეს 2005 წელს შეძლო.