პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსეთს მოთხოვა უკრაინელი მეზღვაურების და გემების გათავისუფლება
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთს ხელისუფლებას მოთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით დაკავებული უკრაინელი სამხედროები. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა მოითხოვს, რომ რუსეთმა მეზღვაურებთან ერთად სასწრაფოდ დაუბრუნოს სამხედრო გემები და უზრუნველყოს აზოვის ზღვაში სიტუაციის დეესკალაცია.
25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. უკრაინამ რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულმა გემებმა დაარღვიეს საზღვარი და არ დაემორჩილნენ სახიფათო მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, რის გამოც რუსი მესაზღვრეები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. კიევი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო გემებმა ნაოსნობის საერთაშორისო წესები დაარღვიეს.