უკრაინის ელჩი: რუსეთი შავ ზღვაზე ახორციელებს აგრესიას და ექსპანსიას
რუსეთმა ღია სამხედრო აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა. მან საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მინისტრს გააცნობს ინფორმაციას რუსეთის მიერ შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელებული აგრესიული აქტის შესახებ. „შავი ზღვა ჩვენი საერთო შეშფოთების საგანია, რადგან მისი უსაფრთხოება საკვანძო საკითხია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და შავი ზღვის სხვა ქვეყნებისთვის“ - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა. მისი თქმით, რუსეთი შავ ზღვაზე ექსპანსიას ახორციელებს. იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან ელის საკითხის განხლვას.
25 ნოემბერს, ქერჩის სრუტესთან რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ სამხედო გემს, რომლებიც შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ მიემართებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, გემებზე იმყოფებოდა 23 მეზღვაური, რომელთაგან 6 დაჭრილია. უკრაინამ რუსეთის ქმედება აგრესიის აქტად შეაფასა და შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინულმა გემებმა დაარღვიეს საზღვარი და არ დაემორჩილნენ სახიფათო მანევრების შეწყვეტის მოთხოვნას, რის გამოც რუსი მესაზღვრეები იძულებულნი იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ. კიევი უარყოფს, რომ მისმა სამხედრო გემებმა ნაოსნობის საერთაშორისო წესები დაარღვიეს.