ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები პრეზიდენტს დღეს ირჩევენ
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ავღანეთში გახსნილ ორ უბანზე. მტკიცე მხარდაჭერის საერთაშორისო მისიის მონაწილე ქართველი სამხედროები ხმას აძლევენ ბაგრამის საავიაციო ბაზასა და მაზარი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ განთავსებულ საარჩევნო უბნებზე. ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი. მათ არჩევანი უნდა გააკეთონ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს შორის. დღევანდელი კენჭისყრის შედეგები 28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაითვლება.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვაშაძეს ხმა მისცა ავღანეთში მყოფმა 261-მა სამხედრომ, ხოლო ზურაბიშვილს 397-მა.